მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან დღის წესრიგში აქვთ, გახლავთ ახალი, პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნა
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პარტია “საქართველოსთვის” ინიციატივას აფასებს. მისი თქმით, ოპონენტებს პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნა სურთ.
”მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან დღის წესრიგში აქვთ, როდესაც ამ ინიციატივებს აყენებენ გახლავთ მხოლოდ ახალი, პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნა და არა ჭეშმარიტების გარკვევა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჭეშმარიტების გარკვევას სჭირდება მაღალკვალიფიციური გამოძიების ჩატარება, რა თქმა უნდა, სინქრონულად, ყველა სხვა ქვეყნის, ყველა სხვა ქვეყნის, რომელიც დაინტერესებულია ამ საკითხით, სამართალდამცავ სტრუქტურებთან უშუალო თანამშრომლობის გზით და არა გარკვეული პოლიტიკური ბატალიების გამართვა”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს, გამოავლენს მის ორგანიზატორებს, მფარველებს, ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს და ამით გამოწვეულ მძიმე პოლიტიკურ შედეგებს.