ნიკა მელია: ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩისა და დასუსტებისკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისკენ – ვერ დარჩება უპასუხოდ

“ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში!”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, ვერ დარჩება უპასუხოდ.

“მაშინ, როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს!

იწყებს რეპრესიას დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.

ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში!

ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ.

ეს ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ ვერ დარჩება უპასუხოდ!

საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი და ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით, მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიას და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება მივყავდეთ მომავლისკენ!”, – წერს მელია.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადაყენების პროცედურები უნდა დაიწყოს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერების განცხადებით, ბათუმის საკრებულოდან გასული „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარტიული სიის მომდევნო ნომრით, თუმცა, ხაბეიშვილმა სია თვითნებურად შეცვალა და ოთხი პირი: ლევან გორგილაძე, ელიზა ეფაძე, როინ დვალი და შორენა აბაშიძე პარტიული სიიდან ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები