მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
“საქართველომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შესრულებულია თითქმის, ყველა რეკომენდაცია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა, სადაც ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია უნდა გაიმართოს.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა ექნება.
„ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყოს გაჟღერებული ამ ფორმატში, სადაც ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, ევროპარლამენტის პრეზიდენტიც და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ თემებზე. გვექნება შესაძლებლობა, ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან და გვქონდეს დისკუსიები საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორების პოზიციები. ამ ეტაპამდე, ჩვენი მხრიდან რაც შესაძლებელი იყო, საქართველომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შესრულებულია თითქმის, ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.