“სსრკ-ის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება მიუღებელია” – ბორელი საფრანგეთში ჩინეთის ელჩის განცხადებაზე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა “მიუღებელი” უწოდა საფრანგეთში ჩინეთის ელჩის სკანდალურ განცხადებას, რომელშიც დიპლომატმა სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა.

“საფრანგეთში ჩინეთის ელჩის განცხადებები, რომლითაც მან ეჭვქვეშ დააყენა 1991 წელს სსრკ-ის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტი – მიუღებელია. ევროკავშირს მხოლოდ იმედი აქვს, რომ ეს განცხადებები არ ასახავს ჩინეთის ოფიციალურ პოლიტიკას,” – დაწერა ბორელმა “ტვიტერში”.

ორი დღის წინ, საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, ლუ შაიემ ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებს „საერთაშორისო სამართალში ეფექტური სტატუსი არ აქვთ, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მათ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებს“.

ელჩის თქმითვე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიული კუთვნილების საკითხი “დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქმება პრობლემა” და ნახევარკუნძული “თავდაპირველად რუსეთს ეკუთვნოდა”.

აღნიშნულის შემდეგ, ოფიციალურმა პარიზმა პეკინს მოუწოდა – აეხსნა, ასახავს თუ არა ეს განცხადებები ჩინეთის ოფიციალურ პოზიციას, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებმა აღშფოთება გამოთქვეს და ჩინელი დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები