“ბახმუტზე უარს ვერ ვიტყვით” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა რუსებს ბახმუტს ვერ გადასცემს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ამბობს, რომ ქალაქს მცირე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
ამის შესახებ მან Al-Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
“ბახმუტზე უარს ვერ ვიტყვით, რადგან ეს ხელს შეუწყობს ფრონტის ხაზის გაფართოებას და რუსეთის ჯარს და “ვაგნერს” ჩვენი მეტი მიწის მიტაცების შანსს მისცემს”, – თქვა უკრაინის ლიდერმა.
მისი თქმით, თუ რუსეთი მთლიანად დაიკავებს ბახმუტს, ის შეიძლება, გახდეს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, კრამატორსკზე და მეზობელ სლავიანსკზე თავდასხმისთვის პლაცდარმი.
გარდა ამისა, ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ ,,სასაცილო,, უწოდა კრემლის მტკიცებას, რომ რუსეთი უკრაინაში ნატოს ებრძვის.
„რუსეთი უკრაინას ებრძვის. და გამომდინარე იქიდან, რომ მას პატიოსნად ბრძოლა არ შეუძლია, უკვე ამბობს, რომ ნატოსთან ომობს, რადგან მათთვის სამარცხვინოა აღიარონ, რომ უკრაინაზე 40-ჯერ დიდი ქვეყანა ვერ ახერხებს ჩვენს დამარცხებას,“- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთის მეზობლებს ნატოში გაწევრიანება მისგან თავის დასაცავად სურთ.