კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო, აკა ზარქუამ ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვა
ჟურნალისტმა აკა ზარქუამ, რომელიც „ფორმულას“ გადაცემის „მრგვალი მაგიდა“ თანაწამყვანი იყო, ტელეკომპანია დატოვა.
როგორც ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბები გახდა.
„მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებლის ირგვლივ განვითარებულ ამბებს. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო გუნდი და შესაბამისად, აღარ ვიქნები გადაცემა მრგვალი მაგიდის თანაწამყვანი.
მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლებისა და მეგობრების გუნდს, რომლებთან ერთად თავისუფლად ვაკეთებდი საყვარელ საქმეს.
წარმატებას ვუსურვებ „მრგვალ მაგიდას“ და მთლიანად ფორმულას, რომლის არსებობაც შექმნილ ვითარებაში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს“, – წერს აკა ზარქუა Facebook-ზე.
ცნობისთვის, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა, რომელშიც დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ფილმში ნათქვამია, რომ კეზერაშვილი საკუთარ სოციალურ მედიაზე ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს, მათ შორის, linkdn-ის საკუთარ ანგარიშს მხოლოდ Milton Group-ის კომპანიების რეკლამისთვის იყენებდა.