ჩეხეთში განაცხადეს, რომ რუსული გაზისგან გათავისუფლდნენ
ჩეხეთს 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან გაზის იმპორტი არ განუხორციელებია, – განაცხადა ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, იოზეფ სიკელამ.
„ჩეხეთის რესპუბლიკის თანამედროვე ისტორიაში პირველად, ამ წლის პირველ კვარტალში, რუსეთიდან გაზის იმპორტი არ დაგვჭირდა. ეს არის დიდი წარმატება. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელიც წლიდან წლამდე ახერხებდეს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან 100%-იან გათავისუფლებას. გადამწყვეტი როლი მოხმარების შემცირებამ ითამაშა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მოხმარების შემცირებისას, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალტერნატიულმა გაზმაც.
ჩეხეთი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან გერმანიის გავლით ახორციელებს. ქვეყანა გაზს ნორვეგიიდანაც ყიდულობს.