ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ (ვალიდაციის შეთანხმება)” შეთანხმება განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

„შეთანხმება განმცხადებელს შესაძლებლობას მისცემს, რომ მისი მოთხოვნით, ევროპული საპატენტო განაცხადი და მის საფუძველზე გაცემული ევროპული პატენტი ვალიდირებული იყოს საქართველოს ტერიტორიაზეც. ეს შესაძლებლობა უცხოელ განმცხადებლებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას გაუმარტივებს”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის” თავმჯდომარის მოადგილის, მანანა ფრუიძის ინფორმაციით, ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა, საქართველოში საპატენტო სისტემის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, რაც გააძლიერებს საქართველოში სამრეწველო საკუთრების დაცვას და, ასევე, ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზნების მიღწევას და ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის თანდათანობით ინტეგრაციას. შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად, EPO-ს მხრიდან სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტისთვის” განხორციელდება ტექნიკური დახმარება სხვადასხვა მიმართულებით.

„ევროპის საპატენტო უწყება წარმოადგენს ევროკავშირის ტერიტორიაზე სერვისების განმახორციელებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ორგანიზაციას და ის ხელს უწყობს ქვეყნებში ინოვაციების და შესაბამისად, ეკონომიკის ასევე, საპატენტო დარგის განვითარებას. ამ შეთანხმების რატიფიცირებით გაიხსნება გზა მოლაპარაკებებისთვის ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების კუთხით, რაც კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. შეთანხმების მიღება, ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართულებითაც”, – განაცხადა მომხსენებელმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა, წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები