“ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება არ შეიძლება, მხოლოდ სოლიდარობის გამო იყოს მიღებული” – ბორის პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების იდეას მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული მხოლოდ სოლიდარობის გამო.

ამის შესახებ მან ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

„კარი ოდნავ შემოიღო, მაგრამ ახლა არ არის ამ საკითხის გადაწყვეტის დრო“, – თქვა მან.

როგორც გერმანელი მინისტრი ამბობს, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება, მხოლოდ სოლიდარობის გამო იყოს მიღებული, არამედ – “ცივი გონებით და ცხელი გულით”.

”და არა პირიქით,” – დასძინა პისტორიუსმა.

პისტორიუსის კომენტარები უკრაინაში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტის ფონზე გაკეთდა, რომლის დროს მან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს სამიტზე ვილნიუსში ივლისში მიიწვია.

სტოლტენბერგის თქმით, სამიტის დღის წესრიგში იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული კითხვები და ამ გზაზე მისთვის უსაფრთხოების გარანტიები.

ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტზე, რომელიც 19-20 აპრილს კიევში გაიმართა, სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინას ჰყავს ძლიერი მეგობრები, რომელთა შორის ნატოა.

„თუ რამე დაგჭირდებათ, ჩვენ გვერდით ვიქნებით“, – თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები