„რესპუბლიკელი“ სენატორები და წარმომადგენლობითი პალატის წევრები ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და უკრაინის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

„რესპუბლიკელი“ სენატორები და წარმომადგენლობითი პალატის წევრები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, არსებულ ფორმატში უკრაინისადმი დახმარება შეწყვიტოს.

„ომის მეორე წელი დაიწყო, მაგრამ არ ჩანს დასასრული და არ არსებობს მკაფიო სტრატეგია ამ ომის დასასრულებლად. უკრაინაში რუსეთთან მარიონეტული ომი არ შედის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესში და ესკალაციას უკავშირდება, რომელიც შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“, – ნათქვამია წერილში.

როგორც წერილის ავტორები აღნიშნავენ, ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი სტრატეგია – მუდმივი დახმარება და სანქციები – იწვევს „ესკალაციას და უფრო მეტ ძალადობას“ და ზრდის რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხეს.

სხვა საკითხებთან ერთად, მათ გააკრიტიკეს გადაწყვეტილება HIMARS-ის უკრაინაში გადაცემის შესახებ და მას სერიოზულ პროვოკაციად აღიქვამენ.

„ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით დახმარების ყველა შემდგომი პაკეტის, თუ ისინი არ იქნება მიბმული მკაფიო დიპლომატიურ სტრატეგიასთან ამ ომის სწრაფად დასასრულებლად“, – აცხადებენ ავტორები.

ამასთან, წერილის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ნატოსთან „მარიონეტული ომის წარმოებისას“ მოსკოვის მოთმინება, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ამოიწუროს, ხოლო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ პუტინი მზადაა ძალის გამოყენებისთვის.

ხელმომწერები ასევე აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები ძალიან დიდ ფულს ხარჯავს უკრაინის ინტერესებისთვის, რომლის მთავრობა „ისტორიულად არის ჩაფლული კორუფციაში“, როდესაც შეერთებულ შტატებს საკმარისად აქვს საკუთარი შიდა პრობლემები. გარდა ამისა, ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი მასშტაბური დახმარება ზიანს აყენებს ამერიკული არმიის საბრძოლო მზადყოფნას.

ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად ხელს უწყობს რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებას და ეს დამატებითი საფრთხეა.

„არსებობს მისაღები გზები, რომლითაც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, მაგრამ იარაღის შეუზღუდავი მიწოდება გაუთავებელი ომის მხარდასაჭერად არ არის ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი. ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, ისევე, როგორც უკრაინელი ხალხის ინტერესებში, წავახალისოთ მოლაპარაკებები, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო კონფლიქტის მოსაგვარებლად. მოგიწოდებთ, ხელი შეუწყოთ მშვიდობის მიღწევას ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების გზით“, – ნათქვამია წერილში.

აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერენ:

სენატორები – მაიკლ ლი, რენდ პოლი, ჯეი დი ვენსი;

კონგრესმენები – ლორენ ბობერტი, ტიმ ბერჩეტი, მეტ გეტცი, ანა პაულინა ლუნა, მერი მილერი, ენდი ოგლსი, მაიკ კოლინზი, პოლ გოსარი, ელი კრეინი, ენდი ბიგსი, დენ ბიშოპი, ჯოშ ბრეჩინი, მეტ როზენდეილი, მერჯორი ტეილორ გრინი, ბერი მური, რალფ ნორმანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები