“გვინდა გავიგოთ, როდის გაწევრიანდება უკრაინა ნატოში, ველოდებით უსაფრთხოების გარანტიების პაკეტს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი ელოდება, რომ ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების გზაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტის მიღება მოხდება.
ამის შესახებ მან კიევში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ნატოს მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება, რომლებიც უზრუნველყოფდნენ აღქმას, რომ უკრაინა ალიანსში იქნება.
„ჩვენ გვჭირდება რაღაც მეტი, ვიდრე – არსებული ურთიერთობების ფორმატი. ჩვენ გვინდა გავიგოთ, როდის გაწევრიანდება უკრაინა ნატოში. ამ გზაზე უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. ამავდროულად, ჩვენ არ ვამზადებთ წევრობის ალტერნატივას და არ განვიხილავთ მას, როგორც კომპრომისს“, – თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები წევრობას არ აყოვნებს.
“ჩვენ ვიქნებით ალიანსში. ამ გზაზე გარანტიების პაკეტი არის ის, რისი დამტკიცებაც გვსურს ვილნიუსში. ჩვენი მხრივ, ყველაფერს ზუსტად მოვამზადებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ ვილნიუსის სამიტი შესაძლოა, ისტორიული გახდეს.
“მადლობელი ვარ ვილნიუსში მოწვევისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, უკრაინამაც მიიღოს შესაბამისი მოწვევა. არ არსებობს არცერთი ობიექტური ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის უკრაინის ალიანსში მიღების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.