ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ივლისის სამიტზე ვილნიუსში, ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინის წევრობის საკითხის განსახილველად და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მსჯელობისთვის ემზადებიან.
ამის შესახებ მან კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ წამოჭრა წევრობისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. ეს იქნება ამ შეხვედრის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტი და ნატო ამისთვის ემზადება. უკრაინა ირჩევს თავის მომავალს ევროატლანტიკურ ოჯახში, უკრაინის მომავალი ნატოშია და ალიანსის წევრები ამას ეთანხმებიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნები ორიენტირებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერაზე, კერძოდ, სამხედრო თვალსაზრისით. მისი თქმით, ეს საკითხები განიხილება ხვალინდელ “რამშტაინის” შეხვედრასა და ვილნიუსში ნატოს სამიტზე.
“უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია. დროთა განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერა დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში”, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.