ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ხარისხსა და რაოდენობის დაკვირვების ქსელის გაფართოება
„გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, მოგეხსენებათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მექანიზმების ჩამოყალიბება. საქართველოს პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს, ევროპული დირექტივების შესაბამისად მომზადებული ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხსა და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. ყოველწლიურად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 231 წერტილში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები.
„2022 წელს, ქუთაისისა და ბათუმის რეგიონული ლაბორატორიებისთვის შევიძინეთ ორი მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო. შედეგად, შესაძლებელი იქნება წყლის რესურსების ხარისხის შეფასება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გაუმჯობესდება მონიტორინგის არსებული სისტემა, რაც ასევე წინგადადგმული ნაბიჯია ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონის პრაქტიკაში აღსრულებისათვის“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 231 წერტილში, ასევე, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების 68 წყალპუნქტზე.