ოკუპირებული გალის რაიონი რუსი ვიზიტორებისთვის შესაძლოა, ტურისტული მიმართულება გახდეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ გალის რაიონი ტურისტულ მიმართულებაში ჩასვან.
ამის შესახებ რაიონის მონახულების შემდეგ ე.წ. მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ თქვა.
მისი თქმით, გალის რაიონს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალით “გალის ზღვა” გამოირჩევა.
„ერთდღიან ტურებზე თუ ვისაუბრებთ, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყურადღებას იმ სტუმრებზე გავამახვილებთ, ვინც აფხაზეთში რამდენიმე დღით ჩამოდის, მაშინ გალის რაიონში ექნებათ სანახავი, ბევრი ძალიან ლამაზი ადგილია”, – თქვა მან.
ე.წ. მინისტრმა თქვა, რომ აუცილებელია ადგილობრივი საექსკურსიო კომპანიების დაინტერესება, რათა დაიწყონ ამ მიმართულებით მარშრუტების გაყიდვა.
„თუ აქამდე უსაფრთხოების საკითხი იყო აქტუალური, ახლა გალის რაიონის ხელმძღვანელობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებენ, რომ აქ მშვიდობიანი, მშვიდი ცხოვრება იყოს და ჩვენ ეს საკუთარი თვალით ვნახეთ“, – განაცხადა ხიშბამ.