აშშ COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციას საიდუმლო გრიფს მოხსნის – ბაიდენმა კანონს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნას ითვალისწინებს.

ბაიდენმა თქვა, რომ იზიარებს კონგრესის მიზანს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით.

აშშ-ში კოროვირუსული პანდემიის წარმოშობის შესახებ პოლიტიზებული დებატები ვირუსის გავრცელებიდან მიმდინარეობს. ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს როგორც დემოკრატების, ისე – რესპუბლიკელების მოწოდებების ფონზე, შეეწინააღმდეგონ ჩინეთის გავლენის ზრდას.

დებატები გასულ თვეში განახლდა, როდესაც Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით, რომ ვირუსმა, სავარაუდოდ, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა. პეკინი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ამასთან, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტში ამბობენ, რომ დასკვნა “დარწმუნების დაბალი ხარისხით” აქვთ გამოტანილი.​ FBI-ში ასევე მიაჩნიათ, რომ პანდემია, სავარაუდოდ, ჩინეთის ბიოლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგია.თუმცა, ქვეყნის კიდევ ოთხ სადაზვერვო სააგენტოს ჯერ კიდევ სჯერა, რომ პანდემია ბუნებრივი გზით წარმოიშვა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ COVID-19-ის წარმოშობის გამოძიება სპეცსამსახურებს ჯერ კიდევ 2021 წელს დაავალა და ეს სამუშაო გრძელდება.

„ჩვენ უნდა გავიგოთ COVID-19-ის წარმოშობის შესახებ, რომ მომავალში პანდემიები უკეთესად ავირიდოთ“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები