თეთრმა სახლმა უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო აღჭურვილობას HIMARS-ის სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, TOW ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებსა და დაბრკოლებების გამანადგურებელ ასაფეთქებელ საბრძოლო მასალებს.
გარდა ამისა, დახმარება მოიცავს ცხრა მილიონზე მეტ ვაზნას მცირე საბრძოლო იარაღისთვის, ოთხ ლოგისტიკურ მანქანას, ზუსტ საავიაციო საბრძოლო მასალებს, სატესტო და სადიაგნოსტიკო აღჭურვილობას მანქანების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთებისთვის, პორტისა და ნავსადგურის უსაფრთხოების აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს და სხვა საველე აღჭურვილობას.
პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა უკრაინას მიაწოდოს შესაძლებლობები ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებებისა და უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.