Reuters: ევროკავშირი უკრაინიდან სურსათის იმპორტზე შეზღუდვებს ამზადებს
მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინული საკვების იმპორტის ცალმხრივად შეჩერება დაიწყო, ევროკავშირმა შეზღუდვების ცენტრალიზებულად დაწესება გადაწყვიტა.
ამის შესახებ Reuters-ი ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, ევროკომისია განიხილავს „პრევენციულ ზომებს“ ზოგიერთი მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურის მიმართ, პირველ ყოვლისა – ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის და რაფსის მიმართ.
ევროკავშირის სავაჭრო წესები ევროკომისიას საშუალებას აძლევს, აკრძალოს გარკვეული საქონლის იმპორტი, ამავე დროს, ტრანზიტის დაშვებით.
გარდა ამისა, მზადდება კომპენსაცია დაზარალებული აღმოსავლეთ ევროპის ფერმერებისთვის, რომლის ოდენობა, დაახლოებით, 100 მილიონ ევროს შეადგენს.
დეტალების განხილვა მოხდება დღეს, 19 აპრილს ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, ვალდის დომბროვსკის შეხვედრაზე ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის მინისტრებთან, რომელსაც უკრაინის შესაბამისი პროფილის ოფიციალური პირებიც დაესწრებიან.