Fox News-ი ხმის მიცემის მანქანების მწარმოებელს ცილისწამებისთვის 787,5 მილიონ დოლარს გადაუხდის
ტელეკომპანია FoxNews-ი ხმის მიცემის მანქანების მწარმოებელ კომპანია Dominion-ს ცილისწამებისთვის 787,5 მილიონ დოლარს გადაუხდის.
საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმების დათვლას. მაშინ დონალდ ტრამპის მომხრეები აცხადებდნენ, რომ რიგ შტატებში ხმების დათვლის პროცესი გაყალბდა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ და რომ ამაში ერთ-ერთი დიდი როლი ხმის მიცემის აპარატებს მიუძღვის.
მოსარჩელეების თქმით, ამ ჭორების გავრცელებას ხელს Fox News-ი უწყობდა.
Dominion-ის სარჩელში ნათქვამია, რომ მისი ბიზნესი რეპუტაციულად დაზარალდა.
კომპანიის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ წინასასამართლო მოსმენების დროს Fox News-ის 92 წლის ხელმძღვანელმა, რუპერტ მერდოკმა აღიარა, რომ არაფერი გააკეთა, რათა მის ტელეკომპანიას მსგავსი ცილისმწამებლური ცნობების გავრცელება შეეწყვიტა.
Fox News-მა განაცხადა, რომ იგი რჩება უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტების ერთგული.
მარტის ბოლოს აშშ-ის ორგზის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა Wall Street Journal-ში დაწერილ სტატიაში თქვა, რომ საქმე უნდა გადაწყდეს “ფოქსის” სასარგებლოდ. ბარმა მხარი დაუჭირა არხის ადვოკატთა პოზიციას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ წამყვანები მხოლოდ აცნობდნენ თავიანთ აუდიტორიას “დომინიონის”, სავარაუდო ქმედებების შესახებ, მაგრამ არასდროს უთქვამთ, რომ ეს მტკიცებულება სიმართლეს შეესაბამება.
Fox-ის ადვოკატები იხსენებენ, რომ 2018 წელს Dominion-ის ღირებულება 200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული და მათთვის გაუგებარია, როგორ მოახერხა მოსარჩელემ თავისი ზარალის ასეთი რიცხვით შეფასება.
ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს (NPR), რომელიც Fox-ის იდეოლოგიური ანტიპოდია, – ამბობს Dominion-ი, რომელიც ქვეყნის 50 შტატიდან უკვე 28-ში ფუნქციონირებს, ამჟამად უფრო მეტი დამკვეთი ჰყავს, ვიდრე ცილისწამებამდე.
თუმცა, Fox News-ს ახალი სამართლებრივი სარჩელი ემუქრება ხმის მიცემის მანქანების კიდევ ერთი მწარმოებლისგან – Smartmatic-ისგან, რომელიც მისთვის მიყენებულ ზარალს 2,7 მილიარდ დოლარად აფასებს. ფირმის ადვოკატებმა Fox News-ის არქივიდან ასზე მეტი ცილისმწამებლური ინფორმაცია ამოიღეს. კერძოდ, Fox-ის ცნობით, Smartmatic, სავარაუდოდ, ვენესუელაში დაარსდა ადგილობრივი კორუმპირებული დიქტატორების წაქეზებით.
ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნიუ-იორკის შტატის კანონები მკაცრად იცავს მედიის სიტყვის თავისუფლებას, რაც უკიდურესად გაურთულებს Smartmatic-ს სასამართლოში გამარჯვებას.