კიევმა ბელარუსიდან ელჩი გაიწვია

უკრაინამ ბელარუსიდან ელჩი, იგორ კიზიმი კონსულტაციებისთვის კიევში გაიწვია.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელი, დენის პუშილინი მიიღო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლუკაშენკოსა და პუშილინის შეხვედრას აფასებენ, როგორც “დონეცკში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ლეგიტიმაციის მცდელობად”.

„რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელიც ემალება უკრაინის გამოძიებას მძიმე დანაშაულებისთვის და იმყოფება უკრაინული და საერთაშორისო სანქციების ქვეშ, ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან კიდევ ერთ უხეშ არამეგობრულ ქმედებად მივიჩნევთ“, – ნათქვამია უკრაინის სამინისტროს განცხადებაში.

ამავდროულად, კიევმა მოუწოდა მინსკს, „თავი შეიკავოს ასეთი დესტრუქციული ნაბიჯებისგან და შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა“.

პუშილინი ლუკაშენკოს 18 აპრილს მინსკში შეხვდა. შეხვედრაზე ბელარუსის ლიდერი დაინტერესდა, თუ როგორ შეუძლია მინსკს დონეცკის დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები