მოლდოველი ფერმერები მთავრობას უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვისკენ მოუწოდებენ
მოლდოვის ასოციაცია „ფერმერთა სიძლიერე“ ითხოვს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ფერმერებს ან კომპენსაცია გადაუხადოს, ან უკრაინიდან მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურის იმპორტი შეზღუდოს.
ამის შესახებ ასოციაციის Facebook გვერდზეა ნათქვამი.
ფერმერები ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხელისუფლება, ერთი მხრივ, ცდილობს, ფერმერებისთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა გამონახოს და, მეორე მხრივ, შიდა სოფლის მეურნეობის ბაზრების დასაცავად სატარიფო და არასატარიფო მეთოდები დააწესოს.
მათი აზრით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის დროებით აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებში, მათ შორის, მოლდოვაში იმპორტის ზრდის რისკს აორმაგებს.
„ამავდროულად, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს პოზიცია კვლავ ძალიან პასიურია”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოლდოველი ფერმერები სოლიდარობას უცხადებენ პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ფერმერებს, რომლებიც აპროტესტებენ რეგიონალურ სოფლის მეურნეობის ბაზრებზე მნიშვნელოვან დისბალანსს და უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის შემოდინებას. ისინი ასევე აფრთხილებენ მთავრობას, რომ მოლდოველი ფერმერების ეკონომიკურმა აჯანყებამ მაქსიმუმს მიაღწია.
„მარცვლეულსა და ზეთოვან კულტურებზე ფასების ვარდნამ ათასობით მცირე და საშუალო ფერმერი გაკოტრების პირას დააყენა, რომლებიც უკვე დაზარალდნენ მრავალი კლიმატური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისის გამო და სახელმწიფოსგან მხარდაჭერა ვერ მიიღეს“, – აღნიშნავენ ასოციაციაში.