რუსულ სპეცსამსახურებს ევროპის საელჩოებში სათვალთვალო სისტემები აქვთ დამონტაჟებული

რუსეთის სპეცსამსახურებს ევროპის იმ ქვეყნებში, საიდანაც მათი დიპლომატები არიან გაძევებული, საელჩოებზე ანტენების გამოყენებით სათვალთვალო სისტემები აქვთ დამონტაჟებული.

ამის შესახებ ცენტრ “დოსიეს” გამოძიებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, ანტენების უმეტესობა, რომელთა რაოდენობა 17-ს შეადგენს, დამონტაჟებულია ბრიუსელში რუსეთის საელჩოს შენობაზე. მადრიდში, ბელგრადში, ლისაბონში, სოფიასა და ნიქოზიაში რუსეთის საელჩოების სახურავებზე 10-10 ან მეტი ასეთი სისტემაა.

ევროპაში რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოების 39 შენობაზე, სულ მცირე, 182 ასეთი ანტენაა დამონტაჟებული.

როგორც მასალაშია აღნიშნული, ფორმალურად, ეს ანტენები გამოიყენება სპეციალური კომუნიკაციებისთვის, თუმცა, „ფაქტობრივად, ბევრი მათგანი ადვილად ადაპტირებადია რადიომოპოვებისთვის, მაგალითად, თანამგზავრული სატელეფონო საუბრის დროს. ზოგიერთი საელჩოს სახურავზე, კერძოდ, ვარშავაში აღმოჩენილია მოწყობილობები, რომელთა გამოყენებით მობილური კავშირის მოსმენაც არის შესაძლებელი”.

აღნიშნულია, რომ ევროპის ქვეყნებიდან გაძევებული 400 რუსი დიპლომატიდან უმეტესობას განათლება აქვს მიღებული რადიოკავშირისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში. მხოლოდ ბელგიიდან გაძევებული საელჩოს თანამშრომელთაგან, სულ მცირე, 5-ს აქვს ასეთი განათლება.

“დოსიე” წერს, რომ საელჩოები უსმენენ არა მხოლოდ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს და პოლიტიკოსებს, არამედ – კრემლის პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეებს.

უნგრეთის კონტრდაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა თქვა, რომ როდესაც მიტინგები იმართება, რუსებს შეუძლიათ, აკონტროლონ სატელეფონო მოძრაობა და შეაგროვონ მონაცემები და იდენტიფიკატორები, როგორიცაა მობილური ტელეფონების IMEI ნომრები.

ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, რუსეთის დიპლომატიურ მისიებში ელექტრონული სადაზვერვო აღჭურვილობა ФСБ-ს პასუხისმგებლობას ექვემდებარება. უფრო მეტიც, ძალოვანები ინარჩუნებენ აღჭურვილობას მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული დავალება ГРУ-ს ან СВР-ის სასარგებლოდ სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები