ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციას დაუჭირა მხარი, რაც ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
ამის შესახებ ევროპარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
გადაწყვეტილების მიხედვით, კოსოვოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, იმოგზაურონ ევროკავშირში და პირიქით, უვიზოდ 90 დღის განმავლობაში 180- დღიან პერიოდში. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მთელ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს ექნება შენგენის ზონის მსგავსი მოგზაურობის რეჟიმი.
„მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, კოსოვო დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში უკანასკნელი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ჩვენს უვიზო რეჟიმს”, – თქვა ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ტეის როითენმა.
შესაბამის აქტს ხელს 19 აპრილს სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და შვედეთი მოაწერენ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.
კოსოვო ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატია, რომელმაც 2008 წლის თებერვალში დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა. მის დამოუკიდებლობას ამჟამად ევროკავშირის 5 წევრი სახელმწიფო არ აღიარებს: კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი.
ევროპარლამენტი კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციას მხარს 2016 წლიდან უჭერდა – მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ განაცხადა, რომ ის აკმაყოფილებდა ვიზალიბერალიზაციის საგზაო რუკის კრიტერიუმებს.