Bloomberg: მაკრონს უკრაინასთან დაკავშირებული “სამშვიდობო გეგმა” აქვს, რომელსაც ჩინეთს შესთავაზებს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ჩინეთისთვის გეგმის შეთავაზებას აპირებს, რომელმაც უკვე ამ ზაფხულს შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები გამოიწვიოს.
ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომლებიც მაკრონის გეგმების შესახებ არიან ინფორმირებულნი.
მათი თქმით, მაკრონმა საგარეო პოლიტიკის მრჩეველს, ემანუელ ბონს დაავალა, იმუშაოს ჩინელ დიპლომატთან, ვანგ ისთან “ჩარჩოს” შესაქმნელად, რომელიც მოლაპარაკებებს შესაძლოა, საფუძვლად დაედოს.
ანონიმური წყაროების თქმით, საფრანგეთის სტრატეგია ითვალისწინებს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უკვე ზაფხულს გაიმართება.
მაკრონის ოფისის სპიკერმა დაადასტურა, რომ ბონი აპირებს ვანგ ისთან საუბარს, თუმცა, დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მან დასძინა, რომ საფრანგეთის მოკავშირეები პარიზის ნებისმიერი ინიციატივის შესახებ “ინფორმირებულნი არიან”.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ არ იცნობენ ინფორმაციის წყაროს და მათთვის “ძნელია სიზუსტის გადამოწმება”.