CNN: რუსეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა
დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთის ნავთობის ექსპორტი უკრაინაში შეჭრამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ნავთობის შესახებ ყოველთვიურ ანგარიშშია აღნიშნულია, რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი მარტში 2020 წლის აპრილის შემდეგ უმაღლეს დონემდე გაიზარდა და დღეში 600 000 ბარელი შეადგინა.
აღნიშნულმა ზრდამ გასულ თვეში რუსეთის სავარაუდო შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან 12.7 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
IEA-ის ცნობით, შემოსავალი წინა წელთან შედარებით 43%-ით არის შემცირებული, რადგან რუსეთი იძულებულია მიყიდოს თავისი ნავთობი მომხმარებელთა უფრო შეზღუდულ ჯგუფს.
დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ენერგეტიკის ექსპორტს მას შემდეგ, რაც პუტინმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში თავისი ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები ევროკავშირში საზღვაო გზით რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა და ევროკავშირში ისეთი ნავთობპროდუქტების შეტანის აკრძალვაა, როგორიც დიზელია.
თუმცა, რუსეთმა იპოვა მყიდველები ჩინეთსა და ინდოეთში, რომლებიც მზად არიან, ჩაანაცვლონ ევროპელი მომხმარებლები.
მიუხედავად ამისა, სანქციებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსეთის შემოსავლებს. გასულ კვირას რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებამ ხელი შეუწყო ბიუჯეტის დეფიციტს (29 მილიარდი დოლარი) მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში.
როგორც Reuters- ი იტყობინება, მისი საერთო შემოსავალი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 21%-ით დაეცა.