სლოვაკეთი უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების იმპორტს დროებით აჩერებს
პოლონეთისა და უნგრეთის შემდეგ, უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების იმპორტს სლოვაკეთი აჩერებს.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ხეგერმა განაცხადა.
14 აპრილს პოლონეთმა და უნგრეთმა, ადგილობრივი ფერმერების პროტესტის ფონზე, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის შეჩერების შესახებ გამოაცხადეს, რომელიც ევროპის ბაზარზე გადასახადების გარეშე შედის. წინა დღით ადრე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ბულგარეთშიც გამოცხადდა.
ქვეყნები ცდილობენ, დაიცვან სოფლის მეურნეობის დარგები იაფი იმპორტისგან.
შეზღუდვები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
ევროკავშირმა გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ წევრ ქვეყნებს ამგვარი წესების ცალმხრივად შემოღება არ შეუძლიათ.
ჩეხეთის მთავრობის ოპოზიციამ ხელისუფლებას მოუწოდა, მიბაძონ უნგრეთს და პოლონეთს, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
მარტის ბოლოს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს კრიზისში ჩარევის თხოვნით მიმართეს.
პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრებმა წერილში მიანიშნეს მარცვლეულის, ზეთის, კვერცხის, ფრინველის, შაქრის, ვაშლის წვენის, კენკრის, ვაშლის, ფქვილის, თაფლისა და მაკარონის იმპორტის უპრეცედენტო ზრდაზე.