Eurasianet: BBC-ის გამოძიების შემდეგ საქართველოში მატულობს კითხვები კეზერაშვილის პოლიტიკური გავლენის შესახებ

საქართველოში მატულობს კითხვები ლონდონში მცხოვრები ყოფილი თანამდებობის პირის პოლიტიკური გავლენის შესახებ მას შემდეგ, რაც BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ის გლობალური თაღლითური ქსელის საკვანძო ფიგურა იყო, – ამის შესახებ სტატიას Eurasianet აქვეყნებს.

„BBC-ის საგამოძიებო მასალა იკვლევდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის როლს ჩრდილოვანი ქსელის ცენტრში, რომლის საშუალებითაც თაღლითური ქმედებების მსხვერპლი გახდა არაერთი ადამიანი, მათ შორის ხანდაზმული ადამიანები.

გამოძიებამ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა კეზერაშვილის რეპუტაციას, რომელიც უკვე მოხვდა ყურადღების ეპიცენტრში ქართული ოპოზიციის პოლიტიკაში მისი სავარაუდო ჩარევის გამო.

BBC-მ მოიყვანა მრავალი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კეზერაშვილს კავშირებს თაღლითურ ქსელში ჩართულ ბიზნესმენებთან და კომპანიებთან, მათ შორის პოლიციისთვის „მილტონის ჯგუფის” სახელით ცნობილ კომპანიასთან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნის სახელი ქოლცენტრებთან დაკავშირებული ჟურნალისტური გამოძიებების კონტექსტში ჩნდება. კეზერაშვილი ნახსენები იყო OCCRP-ის 2020 წლის ანგარიშში უკრაინულ ქოლცენტრთან დაკავშირებით, რომელშიც ასევე „მილტონი“ მონაწილეობდა.

ეს არც იმის პირველი შემთხვევაა, როდესაც კეზერაშვილს ჩრდილოვან მმართველობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, საუბარია საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის შეცვლაზე, რა დროსაც პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანი ამტკიცებდა, რომ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენების უკან სწორედ კეზერაშვილი იდგა. BBC-ის მასალის გამოქვეყნების შემდეგ მელიამ Facebook-ზე დაწერა, რომ „ურჩევდა კეზერაშვილის ქართული პოლიტიკისგან შორს მდგარიყო, რაც სასარგებლო იქნებოდა როგორც მისთვის, ასევე ქვეყნის მომავლისთვის“.

თავად კეზერაშვილი უარყოფს ქართულ პოლიტიკაში ჩარევის შესახებ ბრალდებებს, თუმცა აღიარებს, რომ მხარს უჭერს ოპოზიციას და პროდასავლურ იდეებს (დახმარების ტიპის ან ოდენობის დაკონკრეტების გარეშე).

კეზერაშვილი ასევე უარყოფს BBC-ის საგამოძიებო ფილმში მოყვანილ ბრალდებებს და აცხადებს, რომ გამოიყენებს „ყველა სამართლებრივ ზომას“, რათა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

მისი ამჟამინდელი ქონების ოდენობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი (გარდა ლონდონის 18-მილიონიანი სახლისა, რომელზეც BBC საუბრობს), თუმცა მისი სწრაფი და წარმატებული გადასვლა მთავრობიდან დიდ ბიზნესში წლების განმავლობაში ბადებდა ეჭვებს“, – წერს Eurasianet.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის თაღლითური საქმიანობის შესახებ BBC-მ ჯერ აუდიომასა, შემდეგ კი თითქმის ერთსაათიანი ფილმი გამოაქვეყნა, რომელშიც გამომძიებელი ჟურნალისტები ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მოპოვებულ მასალას განიხილავენ. მათი თქმით, კეზერაშვილი, იგივე “მისტერ ოფშორი”, ევროპელი პენსიონერების ფულის თაღლითურად დაუფლების სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები