შალვა პაპუაშვილი: ბოლო კვლევით, სამართლებრივი სახელმწიფოს ინდექსში რეგიონის 14 ქვეყანას შორის პირველი და მსოფლიოში 49-ე ვართ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებითაც ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას

აშშ-ის ელჩი შეხვდა ყველა უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობის პირს და არც ერთთან არ წარუდგენია რამე ფაქტი მოსამართლეებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩთან დააფიქსირა პოზიცია, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც პიროვნული შეტევა ხდება საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით, როცა პიროვნული შეტევა ხდება ქართველ მოსამართლეებზე.

„ეს არის სამწუხარო. მე მას ჩემი პოზიცია დავუფიქსირე, რომ მიუღებელია, როდესაც ხდება პიროვნული შეტევა საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით, როცა პიროვნული შეტევა ხდება ქართველ მოსამართლეებზე. არა მხოლოდ გაცხადებული იქნა, რომ გარკვეული სავიზო შეზღუდვაა, არამედ პირდაპირ ხდება მათი სტიგმატიზება, როგორც კორუმპირებული მოსამართლეების ისე, რომ ერთი ფაქტი და მტკიცებულებაც არ არის დასახელებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, როცა სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მოქალაქეების წინაშე თავს ვალდებულად არ თვლის, რომ მათ მტკიცებულებები წარუდგინოს.

„საქართველოს მოქალაქეები სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. იცით, რომ მათ შორის, ყოფილ მოსამართლეზეა საუბარი და რთულია ვიფიქროთ, რა პერიოდზეა საუბარი. შეგვიძლია, ვივარაუდოთ და ათვლის წერტილად ავიღოთ ის პერიოდი, როდესაც ამ კონკრეტულმა ადამიანებმა დაიწყეს სასამართლო სისტემაში მუშაობა. შეიძლება, ეს იყოს 10-15-20-წლიანი პერიოდი და ჩვენ 20-წლიანი პერიოდს, ალმანახებს ვერ შევისწავლით, რაზე შეიძლება იყოს საუბარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, აჩენს თუ არა კითხვებს და არის თუ არა დამაფიქრებელი მმართველი გუნდისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები და შეფასებები, რომლებიც მძიმე შინაარსისაა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მოსამართლეთა სანქცირების გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, ამგვარ კვლევებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობა, რაც სამწუხაროა.

„ჩვენ NGO-ების მხრიდან შეჩვეული ვართ ისეთი ტიპის დოკუმენტებს, სადაც მტკიცებულებების გარეშე, ამბობენის დონეზეა იარლიყების მიწებება. ეს შეიძლება, საკმარისი იყოს NGO ანგარიშისთვის და ამას შეჩვეული ვართ და არა მხოლოდ ამ საკითხებზე. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უნდა ნახოთ ანგარიშებში, როგორ არის აღწერილი ესა თუ ის ფაქტი, რომ ვიღაცამ თქვა, ვიღაცამ უთხრა და ა.შ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ამას ჩვენ შეჩვეული ვართ NGO-ების მხრიდან, თუმცა სამწუხარო იქნება, თუ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ასეთ ამბობენის დონეზე არგუმენტებზეა დაყრდნობილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, თუ სხვადასხვა საერთაშორისო კვლევას შევხედავთ, საქართველო, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლებით არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

„ჩვენ მათ შორის, ვუსწრებთ ევროკავშირის, ნატო-ს წევრ ქვეყნებს. წლებია რეგიონში ვართ უპირობო ლიდერი, არა მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში, არამედ სასამართლო სისტემის მხრივაც. ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც არის მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის და შეეხება სამართლებრივი სახელმწიფოს ინდექსს, რეგიონში 14 ქვეყანას შორის ვართ პირველი. მსოფლიოში კი 49-ე ადგილზე ვართ, მათ შორის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებითაც ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას, გლობალური მიმართულებითაც ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს, ზოგიერთ ევროკავშირის წევრ და ნატო-ს წევრ ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები