“პენტაგონიდან გაჟონილი მასალები სიმართლის და სიცრუის ნაზავია” – ოლექსი რეზნიკოვი
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა „სიმართლის და მცდარი ინფორმაციის ნაზავია“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა.
ამის შესახებ მან მადრიდში ესპანელ კოლეგასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან თქვა, რომ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, დღეს აღარ არის აქტუალური.
რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, გაჟონვა იყო საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის სარგებლის მოპოვებას.
პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვასთან დაკავშირებით, უცხოური მედია წერდა, რომ უკრაინამ შეცვალა სამხედრო ოპერაციების ზოგიერთი გეგმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა პირობა დადო, რომ გამოძიება იქამდე არ შეწყდება, ვიდრე არ დადგინდება – ვინ დგას გაჟონვის უკან.