“რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ძალიან ჭკვიანები არიან” – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი – დონალდ ტრამპი, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეზე გასულ კვირას ბრალი წარუდგინეს, აცხადებს, რომ რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ყველაზე ჭკვიანი პოლიტიკოსები არიან.
ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში თქვა.
“ისინი საუკეთესოები არიან. ჩვენი ბიჭები არ არიან და არც არასდროს ყოფილან ასეთები. ეს ხალხი საუკეთესოა თავიანთ თამაშებში”, – თქვა ტრამპმა.
კერძოდ, სი ძინპინზე საუბრისას, ტრამპმა მას “ბრწყინვალე ადამიანი” უწოდა.
“როდესაც ჰოლივუდი სი ძინპინის როლისთვის მსახიობს ეძებდა, ვერავინ იპოვეს, რადგან მისი მსგავსი არავინ არის. მისი გარეგნობა, გონება და ყველაფერი დანარჩენი. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა”, – თქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ასეთივე მაღალი შეფასება მისცა მან რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს.
“რამდენად ჭკვიანია კიმ ჩენ ინი? ის საუკეთესოა. ხალხი მასზე ხან ერთს, ხან მეორეს ამბობს. თუმცა, სინამდვილეში ის ძალიან ჭკვიანია. ის ხელისუფლებაში ძალიან ადრეულ ასაკში მოვიდა, როდესაც 23-24 წლის იყო და ახლა მას ქვეყანაზე სრული კონტროლი აქვს. ეს არ არის ადვილი. რაც შეეხება პუტინს, ის ასევე ძალიან ჭკვიანია”, – თქვა ტრამპმა.
უკრაინის მიმართ ვლადიმერ პუტინის დამოკიდებულებაზე საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ მასთან საუბრისას უკრაინის მიმართ პუტინის დიდი სიყვარული შენიშნა.
“მე დავინახე, რომ მას უყვარს ის და მიიჩნევს რუსეთის ნაწილად. მე ვუთხარი: “ეს არ მოხდება მანამ, სანამ პრეზიდენტი ვიქნები.” ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის იყო. მისმინეთ, მე ვიყავი ყველაზე უარესი, რაც მას შეემთხვა. მე დავხურე მისი მილსადენი. თქვენ არასოდეს გსმენიათ სიტყვა “ჩრდილოეთ ნაკადი”, სანამ მე არ მოვიდოდი ხელისუფლებაში. “ჩრდილოეთ ნაკადი2″ მათი მილსადენი იყო და მე მშვენიერი ურთიერთობა მქონდა პუტინთან”, – თქვა ტრამპმა.