პარლამენტში “ნაცმოძრაობის” მიერ ინიცირებულ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” ალტერნატიულ კანონპროექტს განიხილავენ
პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე “დეოლიგარქიზაციის შესახებ” ალტერნატიულ კანონპროექტს განიხილავენ. პროექტის ავტორი “ნაციონალური მოძრაობაა”.
დოკუმენტი ოლიგარქთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, სადაც კონკრეტული პირი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხვდება.
“ჩვენი კანონი სწორედ ამიტომ იყო განპირობებული, რომ არ გვესაუბრა ინდივიდებზე. ის, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გავლენა მედიაზე, შეიძლება ჰქონდეს გავლენა ფინანსურ რესურსებზე, ეკონომიკაზე და ა.შ. თავისთავად, ეს ოლიგარქის ცნების და სტატუსის მინიჭების საფუძველი არ უნდა გახდეს. მაგრამ, თუ ის მოქმედებს პოლიტიკაში, თუ ის ზეგავლენას ახორციელებს თანამდებობის პირებზე და საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ოლიგარქიის პრობლემა წარმოიშვება და ამ შემთხვევაში, იწყება უკვე მსჯელობა სტატუსის მინიჭებაზე. მტკიცებულებები უნდა იყოს, უნდა იყოს შესაბამისი გამოძიება, მოკვლევა და მარტო პოლიტიკური შეხედულებებით, მარტო დამოკიდებულებებით არ უნდა ხდებოდეს ამ საკითხის განსაზღვრა, ამიტომ გთავაზობთ, რომ ეს იყოს სამართალწარმოების პროცესი, მოხდეს საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით განხილვა, ვინაიდან, აქ უკვე შემოგვყავს კიდევ ერთი პრინციპულად განსხვავებული სუბიექტი ამ საკითხების რეგულირებაში, ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები,” – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
ინიციატივას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. “ქართულ ოცნებაში” პროექტს მიზნებთან აცდენილსუწოდებენ და ამბობენ რომ წინადადება საკონსტიტუციო ცვლილებებსაც კი მოითხოვს.