„რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს და იძულებული გახდება, ზაფხულში მოლაპარაკებების რეჟიმში გადავიდეს“ – ზაალ კასრელიშვილი

„რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს და იძულებული გახდება, ზაფხულში მოლაპარაკებების რეჟიმში გადავიდეს“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ბირთვული იარაღის თემას დასავლეთთან ვაჭრობისთვის იყენებს.

„მოვისმინეთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები, ასევე, რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებიც ბირთვული იარაღის გამოყენება-გამოუყენებლობაზე ხშირად საუბრობენ. როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა, მას დასავლეთთან იდეოლოგიური ხასიათის დაპირისპირება ჰქონდა. როცა რუსეთი დასავლეთთან იდეოლოგიურ განსხვავებაზე საუბრობდა, ყოველთვის ამბობდა, რომ ბირთვული იარაღი იმისთვის სჭირდებოდა, რომ როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მის პარტნიორ ქვეყნებში მშვიდობა და სტაბილურობა შეენარჩუნებინა. დღეს ეს იდეოლოგიური საფრთხე არ არსებობს. ეს მოგონილი თემაა იმისთვის, რომ რუსეთი დასავლეთს დაუპირისპირდეს. დაპირისპირების ქვეტექსტი და მიზანი საბჭოთა კავშირის გავლენების სფეროების აღდგენაა. ამდენად, ჩვენ ვერ ვხედავთ მოტივაციას და ძირითად იდეოლოგიურ მიზეზს იმისას, რომ რუსეთმა ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტა გამოიყენოს. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საჭიროზე მეტად მდიდარია როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეჭვი გვეპარება, რომ ფუფუნებაში ცხოვრებას მესამე მსოფლიო ომის უბედურებაში ცხოვრება არჩიონ. ესეც რომ არ იყოს, კარგად იციან, რომ თუ ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტას გამოიყენებენ, არაერთი ქვეყნის მხრიდან 7-ჯერ აღმატებული თავდასხმა ექნებათ და ამ თავდასხმის მოგერიება მოუწევთ. ჩვენ ამ მუქარაში რაღაც განსაკუთრებულ ქვეტექსტს ვერ ვხედავთ, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობაა. როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა, დასავლეთთან ამ თემით ივაჭროს, დაკავებული ტერიტორიები დაიკანონოს და მოლაპარაკებებზე ამ პოზიციებით გავიდეს – ბირთვული იარაღის გამოუყენებლობა ხელშეუხებლობის გარანტიების სანაცვლოდ. ჩვენ ასე ვხედავთ. ჩვენი აზრი ასეთია, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვერაფრით ვეღარ ვაჭრობს. ჩინეთის თემაც კი ჩაუვარდა. ახლა ბირთვული იარაღით იწყებს ვაჭრობას.
პარალელურად, ბელარუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის რუსეთის ბალისტიკურ რაკეტებს თავის ტერიტორიაზე განალაგებს. ესეც ვაჭრობის ნაწილია, რომელიც ორივე მხარეს აწყობს, ბელარუსსაც და რუსეთსაც. რუსეთი ეცდება, რომ ნახევარკუნძულის ტერიტორია ბუფერად მაინც დაიტოვოს, ბელარუსის სახით. ხოლო ბელარუსის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობს, დასავლეთთან სავაჭრო პოზიციებზე გავიდეს, ხელშეუხებლობის გარანტია მიიღოს, როგორც მინიმუმ, ხელისუფლებაში დარჩენა.
შეიძლება, ეს მარტო ვაჭრობა არ იყოს და რაღაც უბედურებისთვის მზადება მართლაც იყოს, რომელიც, პირველ ყოვლისა, მათ შემოუბრუნდებათ. ეს ჰარაკირს უფრო ჰგავს. ამ ტონით და ამ ფორმით ვაჭრობას ვერასდროს ექნება გავლენა მოლაპარაკებების საჭირო ნიშნულზე, რასაც დასავლეთი ითხოვს.
რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს და იძულებული გახდება, ზაფხულში მოლაპარაკებების რეჟიმში გადავიდეს.
მესამე მსოფლიო ომის დაწყების და ბირთვული ომის საფრთხეს ვერ ვხედავ. ვამბობდით და გავიმეორებ, რომ ეს რუსეთის საერთაშორისო საზოგადოებასთან ვაჭრობისთვის ბოლო კოზირია, მის სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტიებს მოითხოვს“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

მისი თქმით, დამპყრობელი რუსეთი ახლა დაპყრობილ ტერიტორიებზე თავდაცვისთვის ემზადება. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, აპრილ-მაისში გადამწყვეტი ბრძოლები იქნება.

„საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე აქტუალური ბირთვული იარაღით მუქარა, შანტაჟი და გამოყენების ალბათობაა. მოგეხსენებათ, ფინეთი უკვე ნატოს წევრი გახდა. ამ თემაზე შეიძლებოდა, ბევრი გვესაუბრა, მაგრამ ძალიან მოკლედ და კონკრეტულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები შეიძლება, მოვიყვანოთ: მან თქვა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტმა თავის თავს ჰკითხოს და სარკეში ჩაიხედოსო. არც ფინეთს და არც შვედეთს ნატო-ში გაწევრიანება დაგეგმილი არ ჰქონდათ, მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ მათ საჭიროზე მეტად აფიქრებინა საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება, რუსეთის მხრიდან მოდიოდეს. რუსეთ-უკრაინის ომმა ეს პროცესები დააჩქარა.
იცით, რა მდგომარეობაცაა უკრაინის ფრონტზე. რუსეთი, დამპყრობელი, დაპყრობილ ტერიტორიებზე თავდაცვისთვის ემზადება. ეს ცოტა უცნაურია იმის შემდეგ რაც, ის 3 დღეში ხელისუფლების შეცვლას და უკრაინაში დენაციონალიზაციას აპირებდა. რუსეთი ახლა თავდაცვის პოზიციებზეა. აპრილ-მაისში გადამწყვეტი ბრძოლები იქნება. წლის ბოლომდე რუსეთი უკვე არჩევანის წინაშეა: ომი გააგრძელოს და კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს, თუ მოლაპარაკებებზე წავიდეს“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები