სარჯველაძე: ოპოზიცია კარგად ხვდება, რომ პარლამენტი არ შეიძლება იყოს ადგილი, სადაც მოსამართლეების მიმართ დისციპლინური ზომების გატარება ნორმალური შეიძლება იყოს

როგორ შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოში, პარლამენტი, საკანონმდებლო ხელისუფლება დამოუკიდებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირებზე ზემოქმედების მოსახდენად, რეაგირების მოსახდენად იქმნებოდეს რომელიმე სამუშაო ფორმატი, თუნდაც საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მოსამართლეებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის დაჩქარებულად შექმნის შესახებ დასხმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში 18 აპრილიდან პლენარული სხდომებია დაგეგმილი და არავითარი მიზეზი არ არსებობს იმის ასახსნელად, მაინცდამაინც ვნების კვირაში, 10 აპრილის კვირაში რატომ უნდა ჩატარდეს სესია.

„ჩემი ვარაუდით ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ თვითონაც ხვდებიან, რომ არავითარი შინაარსი ამ საკითხის დაყენებას არ გააჩნია და მხოლოდ და მხოლოდ სიმულაციას ახდენენ იმისას, რომ თითქოს როგორი პატრიოტები და მონდომებული ხალხია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში რაღაცა გააუმჯობესონ და როგორ არ აძლევს თითქოსდა ხელისუფლება მათ ამის შესაძლებლობას.

ახლა რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსობრივ მხარეს, მე მგონია, რომ თვითონაც კარგად ხვდება ოპოზიცია, რომ პარლამენტი არ შეიძლება იყოს ადგილი, სადაც მოსამართლეების მიმართ დისციპლინური ზომების გატარება ან მათ კანონდარღვევებზე, რომც ჰქონდეს ასეთს ადგილი, ამაზე რეაგირება შეიძლება იყოს ნორმალური. არადა, საგამოძიებო კომისიის მიზანი წერია რეგლამენტში და არ უნდა ახლა აქ ვარაუდების გამოთქმა და რაღაც თეორიების შეთხზვა. პირდაპირ წერია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მოქმედ რეგლამენტში, რა არის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია, ეს არის კონკრეტულ შემთხვევების გამოძიება და თანამდებობის პირების ქმედებებზე რეაგირების მოხდენა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები