“დავინტერესდები, ომბუდსმენის ოფისში თუ არის ისეთი თავისუფალი გადაადგილება და რესპონდენტების თავისუფლად ჩაწერა, როგორც პარლამენტში ხდება” – პაპუაშვილი იოსელიანს პასუხობს
დავინტერესდები, სახალხო დამცველის ოფისში თუ არის ისეთი თავისუფალი გადაადგილება და რესპონდენტების თავისუფლად ჩაწერა, როგორც პარლამენტში ხდება, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი და სახალხო დამცველის აპარატის ოფისი კონსტიტუციური ორგანოებია.
„სახალხო დამცველის განცხადება არ ვიცი. დამაინტერესებდა, სახალხო დამცველის ოფისში როგორ შედიან ჟურნალისტები – თავისუფლად შედიან და შეუძლიათ ნებისმიერ ადგილას გადაღება და ნებისმიერი ადამიანის ჩაწერა, თუ არ შეუძლიათ? ამით დავინტერესდები, სახალხო დამცველის ოფისში თუ არის ისეთი თავისუფალი გადაადგილება და რესპონდენტების თავისუფლად ჩაწერა, როგორც ხდება პარლამენტში? დიახ, ესეც [პარლამენტიც] არის ოფისი. ეს არის ადმინისტრაციული შენობა. ჩვენ ვართ პარლამენტში. ჩვენ არ ვართ საჯარო სივრცეში.
ვთანხმდებით, რომ ისევე როგორც სახალხო დამცველის ოფისში, ისე პარლამენტი არის კონსტიტუციური ორგანო. დაწესებულება, სადაც ადამიანები მუშაობენ. ამავე დროს, არის ინფორმაციის შეგროვების და საზოგადოებისთვის მიწოდების ინტერესი. ორი ინტერესია. ერთი – საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია შეგროვდეს და მიეწოდოს და მეორე – ამ შენობაში პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს სათანადო სამუშაო გარემო ჰქონდეთ. ორივე მნიშვნელოვანია. როცა ვსაუბრობთ წესებზე, ერთი მეორეს ხელს არ უნდა უშლიდეს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ზოგიერთი მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული მედიის აკრედიტაციის წესი პრობლემურია და პაპუაშვილს მოუწოდებს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს.