ლევან დავითაშვილი ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის ინტერესი გამოხატეს ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებმა ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი ესწრებოდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და გეგმებზე, ასევე ზოგადად, ეკონომიკის სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში არსებულ მზარდ დინამიკაზე, მათ შორის ინვესტიციების კუთხით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც აქამდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერს გაუზიარეს ხედვა და ინტერესი საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც, მათი განცხადებით, გამოიხატება ინფრასტრუქტურულ, მათ შორის, ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებით. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ბიზნესაქმიანობისთვის შექმნილ ხელსაყრელ გარემოს და მთავრობის სწორ ენერგოპოლიტიკას, რადგან, მათი შეფასებით, საქართველო ძალიან მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით და ამ პოტენციალს ეფექტიანი გამოყენება სჭირდება.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ Elsewedy Electric-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ინჟინერია, მშენებლობა, ელექტრო პროდუქტები, ციფრული გადაწყვეტილებები, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და ა.შ. კომპანიას 17 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და მისი კაპიტალის ბრუნვა 3.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. Elsewedy Electric-ის 31 საწარმოო ობიექტი მდებარეობს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის: ეგვიპტეში, ალჟირში, კატარში, ინდონეზიაში, პაკისტანსა და ტანზანიაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია ექსპორტს მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები