ამირან სალუქვაძე ოპოზიციაზე: როცა ყველაზე სტრატეგიულ მოკავშირეს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში დახმარებას სთხოვ, წარმოდგენა არ გაქვს არც თავისუფლებაზე, არც სუვერენიტეტის არსზე და ხელისუფლების საჭესთან ახლოს მისაშვები არ ხარ
როცა შენს თანამოქალაქეს უცხო ქვეყანა სჯის, ეს უნდა გაწუხებდეს. სხვა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულების ჩამდენებსაც კი საკონსულო მომსახურებას უწევენ და არ ითხოვენ მათ დასჯას, – ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როცა ჩვენი ოპოზიცია ოპონენტს სხვაგვარად ვერ ერევა, სანქციებს ითხოვენ, განსაკუთრებით კი, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ გააქტიურდნენ.
„ავხსნი ჩემს პოზიციას, რაც ჩემთვის აქსიომაა, ანუ არაა საკამათო
სახელმწიფო ოჯახივითაა. როგორც შენი ოჯახის საქმეებში ჩარევას აქვს გარკვეული წესები, ისევეა სახელმწიფოც, თუ ადამიანს ოჯახის და სახელმწიფოს მიმართ ერთნაირი მიდგომა აქვს.
სანქცია სასჯელის ფორმაა. არ შეიძლება შენი თანამოქალაქის მიმართ მოითხოვო ფინანსური, ადმინისტრაციული, სავიზო ან სისხლის სამართლის სასჯელები.
საკუთარ შვილს სკოლაში მისი კლასელის მშობელმა, ან უბანში მეზობელმა ყური რომ აუწიოს, რა რეაქცია ექნება ნორმალურ ადამიანს?! ხომ ეტყვის, ჩემს შვილს რა უფლებით სჯი, თუ რაიმე დააშავა, მე რატომ არ მითხარიო?!
ასევეა სახელმწიფოც. თუმცა, უსამშობლოებისთვის სუვერენიტეტის მიმართ თავმოყვარეობის ახსნა, სახელმწიფოს ოჯახის ჭრილში დანახვის მოთხოვნა ჰაერის ტკეპნაა.
როცა შენს თანამოქალაქეს უცხო ქვეყანა სჯის, ეს უნდა გაწუხებდეს. სხვა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულების ჩამდენებსაც კი საკონსულო მომსახურებას უწევენ და არ ითხოვენ მათ დასჯას.
ჩვენი ოპოზიცია, როცა სხვაგვარად ვერ ერევა მათ ოპონენტს, წლებია სანქციებს ითხოვენ. განსაკუთრებით გააქტიურდნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ.
შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება, ებრძოდე მას კანონიერი გზებით, მაგრამ როცა სხვა, თუნდაც ყველაზე სტრატეგიულ მოკავშირეს სთხოვ შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში დახმარებას, წარმოდგენა არ გაქვს არც თავისუფლების, არც სუვერენიტეტის არსზე და ხელისუფლების საჭესთან ახლოს მისაშვები არ ხარ.
ორი საკითხი იყო, რომელთა გამო არსებულმა ხელისუფლებამ მოსახლეობაში, მათივე ამომრჩეველში პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ესაა კოჰაბიტაცია და წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეების დატოვება. ერთიც და მეორეც გარედან იყო თავმოხვეული.
ყველამ კარგად იცის როგორ აარიდეს თავი გარკვეულმა პირებმა სასჯელებს. ყველა კარგად ხვდება რატომ აფარებენ თავს ძებნილი პირები სხვა ქვეყნებში. ასევე კარგად ახსოვს ყველას იმ წლების აჟიოტაჟი, რომ ძველი მოსამართლეებისთვის ხელი არავის ეხლო.
ნამდვილად ვერ ვიქნები ამ მოსამართლეების დამცველი. მაგრამ ასევე კომიკურია, როცა ნაცმოძრაობის აქტივისტი დღეს ერთ-ერთ დასანქცირებულს ნაძირალას ეძახდა. ახლა გახდნენ თქვენთვის ნაძირლები? 2012 წლამდე არ იყვნენ, ან 2012-2013 წლებში რატომ ეფარებოდით მკერდით მთელი არასამთავრობო სექტორით?
ვერ ვხედავ პრობლემას 2024 ან 2028 წლებში ქართული ოცნება არჩევნებს თუ წააგებს. მაგრამ მიუღებელია რევანში, მიუღებელია დღევანდელი ოპოზიციის ხელისუფლებაში ამ ფორმით, ამ შინაარსით, ამ შემადგენლობით, ამ განწყობებით და ამ ღირებულებებით მოსვლა. ეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციაა.
პარტნიორებს მოსახლეობის უმრავლესობის ხმა უნდა ესმოდეს და, თუ დახმარებაა, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაში უნდა გვეხმარებოდეს. ესეც ჩვენი შიდა საქმეა, თუმცა ჩვენი ნების, განწყობების ფეხებზე დაკიდება და თავზე ისევ წინა ხელისუფლების მოხვევა ნამდვილად არ უწყობს ხელს ჩვენი პარტნიორების მიმართ კეთილგანწყობის ამაღლებას.
როგორ იქცეოდა საქართველო პარტნიორებთან მიმართებაში ამ წლების მანძილზე, საკმარისია თუნდაც საერთაშორისო მისიებში ჩვენი მონაწილეობა გავიხსენოთ. ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ ერაყში ან ავღანეთში წესრიგის დამყარება გვადარდებდა? პირველ რიგში ჩვენს პარტნიორს, ამერიკას დავუდექით გვერდში.
რას და ვის ინტერესებს ემსახურება ამ მოსამართლეების დასანქცირება ამ ფორმით და ვინ ხარობს ამით? ხარობს ურეიტინგო, მოსახლეობის უმეტესობისთვის მიუღებელი ოპოზიცია და სეირს უცქერის და ხარობს კრემლი.
ვინმეს ჰგონია ძველი მოსამართლეების ბედი მადარდებს? რა თქმა უნდა არა. უბრალოდ, როცა 10 წლის წინ ხელი დააფარეს და ახლა, ამ ფორმით სანქციებს ადებენ, ეს გავლენას ახდენს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, პოლიტიკურ პროცესებზე, რაც არაა სწორი. ესაა სულ.
დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე თავისუფლების და სუვერენიტეტის არსის ახსნა გვიწევს.
სუვერენულობა, სუვერენული თავმოყვარეობა და ღირსება არის თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის საფუძველი. უამრავჯერ მაქვს ამ წლებში დაწერილი. ესაა თემა და არა ამ ოთხი მოსამართლის ყოფნა-არყოფნა.
მეზობელი სახელმწიფოები და მთელი მსოფლიო გვიყურებს, რომ თითი დაგვიქნიეს. ეს ხომ გავიარეთ და არ მოგვწონდა?!
ან ხარ თავისუფლების და სუვერენიტეტის ღირსი და დაიცავ, ან არა.
სახელმწიფოებს, განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ნებისმიერი პრობლემა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა წყდებოდეს. დახურულ კარს მიღმა ყველაზე მძიმე საუბრებიც კი მისაღებია, ნორმალურია, მაგრამ შემდეგ, როცა ბრიფინგზე დადგებიან, ეჭვი ვერავის უნდა შეეპაროს პარტნიორობის სიმტკიცეში.
ჯერ წესია საქმე და მერეა საქმე საქმე“, – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.