ირმა ინაშვილი: საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაკომპლექტებული სალომე სამადაშვილებით, თუ ხატია დეკანოიძეებით

საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას! – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული კომისია არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაკომპლექტებული სალომე სამადაშვილებით, თუ ხატია დეკანოიძეებით და ის უნდა აერთიანებდეს მიუკერძოებელ, ხალხის ნდობით აღჭურვილ, მაღალი კლასის იურისტებს.

„საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას! როგორც მოვისმინე, თავად „ქართული ოცნებაც“ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგამოძიებო კომისია შექმნას, მაგრამ აქ მთავარი ისაა, როგორი კომისია იქმნება?

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ყურადსაღები იყო ფრაზა – „მნიშვნელოვანი საქმეები“. იგივე „მნიშვნველოვან საქმეებზე“ საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებშიც.  საგამოძიებო კომისიამ სწორედ „მნიშვნელოვანი საქმეების“ შესწავლა უნდა დაიწყოს. 2004 წლიდან დღემდე.

ეს კომისია არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაკომპლექტებული სალომე სამადაშვილებით, თუ ხატია დეკანოიძეებით.

კომისია უნდა აერთიანებდეს მიუკერძოებელ, ხალხის ნდობით აღჭურვილ, მაღალი კლასის იურისტებს. იქნება ეს მინდია უგრეხელიძე, თუ ჯემალ გახოკიძე.

კომისიის საქმიანობა უნდა წარიმართოს ღიად, გამჭვირვალედ, პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში.

კომისიას უნდა ხელმძღვანელობდეს პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალური პერსონა. ვიმეორებ: მიუკერძოებელი, ხალხის ნდობით აღჭურვილი, მაღალი კლასის იურისტი, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს და ენდობა“, – წერს ირმა ინაშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობამ საგამოძიებო კომისია შექმნას.

სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გამოვიდა საპარლამენტო ოპოზიციაც. ისინი კომისიის შექმნის მიზნით პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები