სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე – მოსამართლეების სანქცირებაზე: სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში

სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში.

„პირველ რიგში, დასაწყისიდანვე ამერიკელი ხალხი, სოლიდარობის ნიშნად, გვერდში ედგა ქართველ ხალხს და მათ სურვილს, იყვნენ თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, ერთად ვმუშაობთ საქართველოს ერთიან ხედვაზე, იყოს სრულიად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში.

კონკრეტულად იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გუშინ გამოვაცხადეთ, სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება. ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში და ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს. მან დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი.

როგორც მანამდე ვთქვით, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები