დავით მათიკაშვილი – სანქციებზე: ჩვენთვის ახლაც გაუგებარია, რას ეყრდნობოდა სახელმწიფო დეპარტამენტი, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებდა
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ის, რომ თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რაიმე სახის დანაშაულის ნიშნებს ან სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიტყობს, ის, პირველ ყოვლისა, სტრატეგიულ პარტნიორს უნდა გაუცვალოს და მას მიაწოდოს შესაბამისი რეაგირებისთვის”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი ქართველ მოსამართლეთა სანქცირების საკითხს.
მისივე თქმით, სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რას ეყრდნობა, გაუგებარია.
“როდესაც ჩვენი პარტნიორი ასეთ ნაბიჯს არ დგამს და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ხდება გაურკვეველ წყაროზე დაყრდნობით, ჩვენთვის ახლაც გაუგებარია, რას ეყრდნობოდა სახელმწიფო დეპარტამენტი, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებდა, ხდება ასე უაპელაციოდ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დადანაშაულება, ძალიან სერიოზული ბრალდებით დანაშაულში და ამავდროულად, არცერთი რეალური მტკიცებულება იმისა, რომ ამ პირებმა მართლაც ჩაიდინეს თუ არ ჩაიდინეს დანაშაული, ეს მტკიცებულება არ მიეწოდა საზოგადოებას და მხოლოდ იმ ინფორმაციით შემოიფარგლა, რაც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, რა თქმა უნდა, ეს ტოვებს განცდას, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ხელისუფლების მესამე შტოში, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობას“, – განაცხადა მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.
აშშ-მა მოსამართლეებს:! მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.