ხვიჩია: ქართველი ხალხი მურუსიძე-ჩინჩალაძის გასასამართლებელი არ არის
წინა ხელისუფლებიდან გამოყოლილი ნარჩენი, ნაგავი სასამართლოში დღემდე დარჩა და, საბოლოოდ, ამ ქვეყნის მომავლის განვითარებას უშლის ხელს, ამტერებს თავის ქვეყანას, სანქცირებულს ხდის მთავარი პარტნიორისგან და ჩვენს ინტერესებს უპირისპირებს ჩვენი მთავარი პარტნიორის ინტერესებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ 4 მოსამართლისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.
„პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში ასეთი სამარცხვინო ფაქტი, როდესაც ჩვენს მთავარ პარტნიორს და ჩვენი სტაბილურობის მთავარ გარანტს, საქართველოში უწევს მოსამართლეების დასანქცირება, მაშინ, როდესაც ჩვენ წინა ხელისუფლებაც კი ამ მოსამართლეების შეცვლის მოტივით შევცალეთ. წინა ხელისუფლებიდან გამოყოლილი ნარჩენი, ნაგავი სასამართლოში დღემდე დარჩა და, საბოლოოდ, ამ ქვეყნის მომავლის განვითარებას უშლის ხელს, ამტერებს თავის ქვეყანას, სანქცირებულს ხდის მთავარი პარტნიორისგან და ჩვენს ინტერესებს უპირისპირებს ჩვენი მთავარი პარტნიორის ინტერესებს. ვისაც ოდნავ საღი აზრი მოეკითხება სასამართლო სისტემაში ალბათ მიხვდება, რომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება. პროცესი გაგრძელდება და, საბოლოოდ, გამოუთხრის ძირს დღევანდელი სასამართლოს ლეგიტიმაციას. სასამართლოს, რომელსაც მთავარი პარტნიორები ასანქცირებენ, მათ მოსამართლეებს არ უშვებენ ამერიკის ტერიტორიაზე და სადამდე მივა ეს პროცესი კაციშვილმა არ იცის. არანაირი უფლება არ გააჩნიათ ქართველი ხალხი გაასამართლონ და ციხეში გაუშვან. ქართველი ხალხი მურუსიძე-ჩინჩალაძის გასასამართლებელი არ არის. მით უმეტეს, ამ ფაქტის შემდეგ მთელი სამყაროსთვის ცხადია, რომ ჩვენ არ უნდა ვიმეტებდეთ საკუთარ მოქალაქეებს ამ ჯალათებისთვის. ეს გზავნილი არის ქართველი ხალხის მიმართ, ქართული ბიუროკრატიის მიმართ და ძალოვანი უწყებების მიმართ. ნუ ჩავყვებით „ქართულ ოცნებას“ საფლავში თორემ გასაქცევიც არ გექნებათ დასავლეთში. მურუსიძე-ჩინჩალაძეს უთხრეს, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ, მხოლოდ ჩრდილოეთისკენ გაიქცეთ. დასავლეთისკენ თქვენი გზები იკეტება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.