გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის სურვილი იყო და არის, აკონტროლოს ქართული მართლმსაჯულება
“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც აშშ-მა 4 მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
მაჭარაშვილის თქმით, პარტნიორულ ქვეყნებს შორის დასანქცირების ენაზე საუბარი მიუღებელია.
„აშშ-ის სურვილი იყო და არის, აკონტროლოს ქართული მართლმსაჯულება. ამის ნათელი დადასტურება იყო თუნდაც მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება. როგორც მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარებაში არ იყო არგუმენტი, არც მოსამართლეების დასანქცირებაში, რა თქმა უნდა, არგუმენტი არ არის. ამაზე მეტყველებს აშშ-ის საელჩოს პასუხი, რომ ისინი კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით არავითარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ. ეს ხალხი პირდაპირ ამბობს: „ჩვენ გვინდა ან ხელისუფლება, ან – მართლმსაჯულების კონტროლი“. პარტნიორულ ქვეყნებს შორის დასანქცირების ენაზე საუბარი, ბუნებრივია, მიუღებელია. ამ შემთხვევაში, ჩვენ თუ განწყობილნი ვართ პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ისინი განწყობილები არიან ან ომში ჩართვის მოთხოვნით, ან მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარების მოთხოვნით, ან მოსამართლეების დასანქცირების მოთხოვნით… ოპოზიციამ ოღონდ რამე ნეგატიური ნახოს საქართველოსთან მიმართებით, იმას ჩაეჭიდება ხოლმე. აშშ-ის მხრიდან, ეს არა მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ ძალიან დიდი შეცდომა იყო“, – აცხადებს მაჭარაშვილი.