სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, ვგულისხმობ საქართველოსა და აშშ-ს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ღამის კურიერის“ ეთერში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
როგორც თალაკვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, იმ პერიოდში, როდესაც სანქცირებული მოსამართლეები სასამართლო სისტემაში მუშაობდნენ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გარკვეული კრიტერიუმები, მათ შორის შემცირდა ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები.
„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, ვგულისხმობ საქართველოსა და აშშ-ს. თქვენ იცი, რომ სასამართლო, ისევე, როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. დღეს დაასანქცირეს 4 მოსამართლე, დაუწესეს ვიზების შეზღუდვა, მათ და ოჯახის წევრებს. ამ 4-იდან ერთი უკვე საკმაოდ დიდი ხანია აღარ მუშაობს სასამართლოში, დანარჩენი სამი მოსამართლე სხვადასხვა პოზიციებზე არიან. რა ხდებოდა მაშინ, როდესაც ეს მოსამართლეები მუშაობენ სასამართლოში, რა ხდება ამ წლების განმავლობაში.
დავიწყოთ ფაქტების და არგუმენტების მოყვანა: სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი, მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები, როდესაც სახელმწიფოსთან დავობენ, იქნება ეს პროკურატურა თუ ადმინისტრაციული დავები, აქ დაბრუნდა ბალანსი.
რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებიც და სახელმწიფოც სხვადასხვა შემთხვევაში თითქმის თანაბრად იგებენ საქმეებს. ევროსასამართლოში 60%-ით შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები – ეს რას ნიშნავს, ანუ წარსულში წელიწადში 2000-მდე ჩვენი მოქალაქე მიდიოდა ევროპაში სასამართლოს საძიებლად. იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობდა, ვერცერთ ინსტანციაში. დღეს საქართველოს მოქალაქეები თავის სასამართლოში პოულობენ სამართალს, დიამეტრალურად შეუდარებელ უფრო მეტ შემთხვევაში, ვიდრე ეს იყო, როდისმე წინა ორი ხელისუფლების დროსაც.
რეზონანსული საქმეები, რომლებზეც სასამართლოს აკრიტიკებდნენ თვეების და ზოგჯერ 1 და 2 წლის განმავლობაში – აი, პოლიტიკურად მოტივირებულს, რომ უწოდებს ოპოზიცია და რეზონანსულს, რომ ვუწოდებთ ჩვენ და დასავლეთი, ანუ მაღალი საჯარო ინტერესის საქმეები. ეს ეხებოდა, მედიასთან დაკავშირებულ დავებს. ეს ეხებოდა აქციებთან დაკავშირებულ დავებს, როცა უჩიოდნენ შსს და სახელმწიფოს, რომ არაპროპორციული დაკავება გააკეთაო. ეს ეხებოდა, ასევე სპეცოპერაციებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სადაც ასევე გვადანაშაულებდნენ ხელისუფლებას, და სასამართლოს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები იყოო. ამ საქმეებზე ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაადასტურა ქართველი მოსამართლეების და საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ანუ, ევროსასამართლოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ავტორიტეტმა თქვეს, რომ საქართველოს სასამართლომ ამ საქმეებზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღოო.
ამის გარდა, საქართველო „იფსოსის“ კვლევაში საერთაშორისო გამჭვირვალობის რეიტინგში, მათ შორის ამერიკული ინსტიტუტების შეფასებებში იკავებს წამყვან პოზიციებს შეფასებით და არის დაწინაურება ხელშესახები. ამერიკის ელჩმა დღეს თავის ბრიფინგში აღნიშნა ორი საგულისხმო მომენტი: პირველი, მან თქვა, რომ არაერთი წარმატებული რეფორმა განხორციელდა სასამართლოშიო, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერითო. მეორე, რაც თქვა ელჩმა იყო, რომ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი მოსამართლე მუშაობს სისტემაშიო და ჩვენი მხარდაჭერა მათო. თუ ეს ყველაფერი ასეა და ეს არ არის „ქართული ოცნების“ შეფასებები, ეს არის ობიექტური დამოუკიდებელი შეფასებები. დღეს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, მეგობრებს შორის სანქციების ენაზე იწყება საუბარი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.