ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, 12 რეკომენდაცია შევასრულოთ

“ვხელმძღვანელობთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციით, სადაც ნათქვამი იყო, რომ დეოლიგარქიზაციის რეგულირება იყო საჭირო. ისეთი პროექტი გავაკეთეთ, რომელიც ერთი ერთში ასახავს ცვლილებებს, რაც უკრაინამ განახორციელა და მოწონებული იყო ევროკავშირის მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც სამხარაძემ “პირველ არხს” განუცხადა, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი 12 რეკომენდაციის შესრულებაა.

„კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ და მათ რეკომენდაციებს გავიზიარებთ. ევროსაბჭოს მონიტორების მოსაზრება ევროკავშირის რეკომენდაციას თუ არ ემთხვევა, ეს უკვე არ არის ჩვენი მსჯელობის საკითხი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, 12 რეკომენდაცია შევასრულოთ.

ოპონენტების მთავარი ამოცანაა, ჩვენ დაგვბრალდეს, რომ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს და საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ისინი ამაზე ღიად ლაპარაკობენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ევროკომისიის რეკომენდაციებს გავყვეთ. ოპოზიცია კარგად თუ წაიკითხავს ვენეციის კომისიის დასკვნას, ნახავს, რომ სხვადასხვა შემოთავაზებაა. სისტემური გზა უშვებს იმას, რომ კანონი საერთოდ არ იყოს მიღებული, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ერთი და იგივე რეკომენდაციები მისცა, ეს არის ერთადერთი გამართლებული და სწორი გზა. ოპოზიციას ამ ცვლილებების მიღება არ უნდა, რადგან ღიად აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არც პროგრესი და არც ქვეყნის წინსვლა სურთ. ფიქრობენ, ამით მოესპობათ ყველანაირი შანსი, „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები