„პოლონურ კომპანიაში დასაქმებული, სატვირთო მანქანების ქართველი მძღოლები გერმანიაში გაიფიცნენ, მიზეზი აუღებელი ხელფასებია“ – ირაკლი პეტრიაშვილი
„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, უკვე ორი კვირაა, გერმანიაში სატვირთო მანქანების ქართველი მძღოლები არიან გაფიცულები. ამის შესახებ პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გაფიცვის მიზეზი აუღებელი ხელფასებია.
„მძღოლები დღესაც გაფიცულები არიან. დამსაქმებელი პოლონური კომპანიაა, რომლის მთავარი ოფისი კრაკოვშია. 3 კომპანიაა, სადაც უამრავი მძღოლია დასაქმებული, არამხოლოდ ქართველები. უკვე ორი კვირის განმავლობაში, ჯამურად, 200 -მდე მძღოლი ღამეებს ავტომობილებში ათენებს. ჩვენი ევროპელი კოლეგების, პარტნიორების, მეგობრების გაკვირვებას იწვევს ის, რომ ისინი გაფიცულები არიან არა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, არამედ – ნამუშევრის ანაზღაურების მოთხოვნით. ანუ კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება არ ხდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მათგანის შრომის პირობები ახლა ირკვევა, მათი უფლებები იმ ფორმით ირღვევა, რომ, ფაქტობრივად, 1 წელია, მანქანიდან არ ჩამოსულან. ერთ-ერთ მათგანს დასვენების დღე არ ჰქონია, ეს ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, თორემ ასეთ პირობებში უამრავი ადამიანი იქნება. ამ ხალხს საკვების საშუალებაც არ ჰქონდათ, გამომდინარე იქიდან, რომ ხელფასები არ აქვთ, იმყოფებიან უცხო ქვეყანაში. გაფიცულები დღესდღეობით ფრანკფურტში არიან. თუმცაღა იმავე მდგომარეობაში არიან იტალიაში დასაქმებული მძღოლებიც. სოლიდარობის მიზნით პროტესტს ისინიც შეუერთდნენ, ისინიც მძიმე პირობებში იმყოფებიან“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, საქმეში „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ“ პოლონეთის და გერმანიის პროფკავშირები ჩართო. როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, ამის შემდეგ დამსაქმებელი მძღოლებს ზეპირსიტყვიერად დაჰპირდა, რომ ნამუშევარს აუნაზღაურებს.
„რას ვაკეთებთ ჩვენ, ეს ერთი საკითხია და მეორეა ის, თუ რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო.
ჩვენ საქმეში ჩავრთეთ როგორც პოლონეთის, ისე გერმანიის პროფკავშირები, ასევე, „დასაქმებულთა საერთაშორისო ინტერნაციონალი“. გამოყოფილია მედიატორი, ეს პიროვნება ჰოლანდიელია, ედვინ ატემი, რომელმაც ჩემს მოადგილესთან, რაისა ლიპარტელიანთან ერთად მძღოლებთან რწმუნებულობის მანდატი გააფორმა. ისინი დღეს საკვებით არიან უზრუნველყოფილები. გერმანიის პროფკავშირების იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ მძღოლები შრომით ურთიერთობაში არ არიან შესულები, არამედ მომსახურებას ეწევიან და ტვირთის მიტანა-არმიტანაზე თავად არიან პასუხისმგებლები, ოღონდ ამ ყველაფერს მისი დამსაქმებელი განსაზღვრავს, რომელიც ხელფასებს არ უნაზღაურებს. პროფკავშირების ჩართულობის შემდეგ დამსაქმებელი შეშინდა, მძღოლებთან მივიდა და ხელფასების გადახდასთან დაკავშირებით ზეპირი პირობა გასცა, თუმცა, ეს პროცესი აუცილებლად ბოლომდე მივა. როგორც ჩვენი ბრიუსელის ოფისი, ისე გერმანიის, პოლონეთის პროფკავშირები ამ საქმეში ჩართულები არიან და ეს პრობლემა ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყდება. აქ მხოლოდ ქართველები არ არიან დასაქმებულები. სხვა ქვეყნის მიგრანტი დასაქმებულებიც იმყოფებიან, პარალელურად, მათი პრობლემაც გვარდება.
თუ პროფკავშირს შეუძლია, რომ თავისი ურთიერთობები მეტ-ნაკლებად ეფექტიანად გამოიყენოს, წარმოვიდგინოთ, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში გარკვეული ვალდებულება რომ იყოს, რამდენად ეფექტიანად შეძლებდა სახელმწიფო მათ დახმარებას. შრომის ინსპექციას მანდატში მიგრანტი მშრომელების უფლებების დაცვაც რომ ჰქონდეს, ამ ადამიანების საკითხი უფრო ეფექტიანად გადაწყდებოდა. სამთავრობო დონეზე ჩართულობა ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე ჩვენი ჩართულობა. თუმცა, ეს ჩართულობაც, გარკვეულწილად, გარანტია იმისა, რომ ამ ხალხის უფლებები დაცული იქნება. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველგან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გარკვეულწილად ყურადღებას აქცევდეს და მის უფლებებს იცავდეს, ეს მიგრაციის შესახებ კანონში უნდა იყოს გაწერილი.
არავინ ჩათვალოს, რომ რაღაც ანტირეკლამას ვეწევით, პირიქით, ეს მოქალაქეები რომ სხვა ქვეყნებში, აზიაში ან სხვაგან ყოფილიყვნენ დასაქმებულები, მათი უფლებების დასაცავად ისეთი ეფექტიანი მექნიზმები არ გვექნებოდა, როგორიც ჩვენი პარტნიორობის მეშვეობით ევროპულ ქვეყნებში გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.