ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს „შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში ცვლილებები მინისტრის მოადგილემ გააცნო
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მომხსენებელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო და აღნიშნა, რომ მისი მიღებით მოხდება შრომითი მიგრაციის რეგულირებისთვის არსებული სამართლებრივი ნორმების დახვეწა და განვითარება როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე იმიგრაციის ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით.
„ამ ცვლილებების მიზანია, ერთი მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები და, შესაბამისად, წავახალისოთ შრომითი მიგრაციის ლეგალიზება და, მეორე მხრივ, წავახალისოთ ადგილობრივ შრომით ბაზარზე ადგილობრივი მუშახელის შესაბამისი კვალიფიკაციის გაძლიერება და ადგილობრივ ბაზარზე მათი დასაქმება“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
მისივე თქმით, მიგრაციის კანონის გაძლიერებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, შემოდის საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება, რომელიც იქნება სრულიად უფასო; სერტიფიცირების შემდეგ ინფორმაცია იქნება საჯარო, რათა მოქალაქეებისათვის ცნობილი იყოს ინფორმაცია იმ კომპანიებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტებს; მოხდება კომპანიების კანონიერი საქმიანობის წახალისება და განვითარების მხარდაჭერა; ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების პროცესის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება და საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესება; მარეგულირებელ მექანიზმად შრომის ინსპექცია შემოვა, ასევე შემოვა სანქციების მექანიზმი.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილებები კანონში გააუმჯობესებს მიგრაციის მართვის მექანიზმს, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპელი პარტნიორების მოთხოვნაა, ამასთანავე, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სანდო სააგენტოებიდან მიიღონ ინფორმაცია უცხო ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობებზე.
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პარალელურად, ცვლილებები ასევე შედის შრომის ინსპექციის, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის, დასაქმების ხელშეწყობის შესახებ კანონებსა და „საქართველოს შრომის კოდექსში“.
კომიტეტმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.