იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წიაღით სარგებლობისას ჩადენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს წიაღით სარგებლობისას ჩადენილი სამართალდარღვევების დიფერენცირებას მათი სიმძიმის მიხედვით და შესაბამისი სანქციების განსაზღვრას.
პროექტის თანახმად: დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის დაწესებულია 500 ლარიანი ჯარიმა; მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ჩადენილი დარღვევებისთვის – 5 000 ლარიანი ჯარიმა; პოლიმეტალების მოპოვებისას ჩადენილი დარღვევებისთვის – 10 ათას ლარიანი ჯარიმა; შესწავლის ეტაპზე ჩადენილი დარღვევებისთვის 5000-ლარიანი და ყველა სხვა სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის 2000 ლარიანი ჯარიმა.
კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.