სოფო მებუკე: სააკაშვილი საკუთარი სურვილისამებრ შერჩეული პროდუქტების მიღებას აგრძელებს
“მიხეილ სააკაშვილთან შესული იყო ჩვენი კლინიკის მეორე ენდოკრინოლოგი. მისი რეკომენდაციების შესრულებასაც, რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ, ადგილი არ ჰქონია და ის კვლავაც აგრძელებს საკუთარი სურვილისამებრ შერჩეული პროდუქტების მიღებას”, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ენდოკრინოლოგმა, სოფო მებუკემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, კალორიულ დეფიციტს აქვს ყოველდღიურად ადგილი.
„დღევანდელი დილის მონაცემებით ის იწონის 61.6 კილოგრამს. მთელი კვირის განმავლობაში ის იმყოფებოდა სახალხო კონსილიუმის მოლოდინში და ის კალორაჟი, რაც მას ჰქონდა დღიურ ფარგლებში 500-600, კიდევ უფრო შეამცირა და ბევრად ნაკლები გამოდიოდა. კალორიულ დეფიციტს აქვს ყოველდღიურად ადგილი. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. 64.2 კილოგრამი იყო ბოლო მონაცემებით და დღევანდელი დილის მონაცემებით არის 61.6 კილოგრამი“, – განაცხადა მებუკემ.
ამასთან, დღეს, „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი შევიდა.