ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტებზე იმსჯელა

პირთა იმ კატეგორიას, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან, ახალი ჯგუფი ემატება.

კერძოდ, წვევამდელი/სამობილიზაციო რეზერვისტი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლდება ვადის ამოწურვიდან სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის მანძილზე. ამ ცვლილებას ითვალისწინებს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს კანონპროექტებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
ცვლილებების მიხედვით, ასევე, გაუმჯობესდება რელევანტურ დაწესებულებებს შორის სამხედრო აღრიცხვის მიზნით პირის (წვევამდელის, სამობილიზაციო რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების გაცვლის მექანიზმი. მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, მოქმედი კანონის გაუმართაობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები გარკვეული პრობლემების წინაშე დგანან. შესაბამისად, ამ საკანონმდებლო ცვლილების მომზადება იმ ბიუროკრატიულმა პრობლემებმა განაპირობა, რომლებიც თავს იჩენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მიმართ, ვინაიდან სრულწლოვანი ასაკის მიღწევის შემდეგ, რათა შშმ პირის სტატუსი მიენიჭოს, მათთვის სავალდებულო ხდება ხელახალი ექსპერტიზის გავლა. ამ პერიოდში კი, შესაძლოა ისინი გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამი თვე სრულიად საკმარისი იქნება ახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად და სტატუსის მისაღებად. კომიტეტმა დღესვე კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა.
კერძოდ, კანონპროექტები „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე” ასევე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა. მომხსენებლის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ცვლილებების მიზანია ბავშვთა უფლებების სტანდარტის გაუმჯობესება. კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები კი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა, მესამე მოსმენით განიხილა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები