გეგმა, რომელიც ხაჯიმბამ ქართველთა საწინააღმდეგოდ შეიმუშავა – “არჩევნების” შეფასება, რას ფიქრობენ თბილისში

წინასწარი მონაცემებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. გუშინ ჩატარებულ “არჩევნებამდე“ ხაჯიმბას ამომრჩეველმა 3-ჯერ უთხრა უარი და აქამდე ჩატარებული 3 საპრეზიდენტო არჩევნები მან პირწმინდად წააგო.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციიით, გუშინ გამართულ ე.წ ვადამდელ არჩევნებში რაულ ხაჯიმბას ხმა არჩევნებში მონაწილეთა 50,57%-მა მისცა. რაც შეეხება მოქალაქეთა რაოდენობას, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 132 861 ამომრჩეველს ჰქონდა.
“არჩევნებში“ მონაწილეობა ვერ მიიღო ტყვარჩელისა და გალის რაიონების 22 ათასზე მეტმა მცხოვრებმა. მათ ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ, რადგან აფხაზურ პასპორტთან ერთად, ქართული პასპორტებიც აქვთ. დე ფაქტო აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგს ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები. როგორც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „საპრეზიდენტო არჩევნების“ გამართვა არსებული ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობა და საერთაშორისო სამართლის უხეში უგულებელყოფაა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, რომ “ფხაზეთში ე.წ არჩევნები თავიდანვე არალეგიტიმურად იყო ცნობილი, შესაბამისად, ამაზე ვრცელ კომენტარს ვერ გაკეთებს“.10563405_286512471554943_246326283_n
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონოდ აფასებს. ამის თაობაზე განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გააკეთა.
„აფხაზეთის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული არჩევნები არის უკანონო აქტი, რომლითაც ხდება დემოკრატიული ელემენტების ნიშნის მცდელობით დაიფაროს აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. ბუნებრივია, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და უგულვებელყოფა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უგულებელყოფს და დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მას ადეკვატური შეფასება ექნება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი “კვირასთან“ საუბრისას პრემიერის მსგავსად აცხადებს, რომ ე.წ არჩევნები უკანონო აქტია და მის შედეგებს არც ქართული მხარე და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს. რაც შეეხება იმას, თუ რა ელით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს ხაჯიმბას“მმართველობის“ პირობებში, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხაჯიმბა გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში განსხვავებული ლიდერი არ იქნება და არჩევნების შედეგად აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება არ შეიცვლება.
ვოლსკის თქმით, გარკვეულწილად შეიცვლება აფხაზურ-რუსული ურთიერთობები და ხაჯიმბა გაცილებით აქტიურად გაატარებს კრემლის პოლიტიკას ვიდრე ამას ალექსანდრე ანქვაბი აკეთებდა. “ვიცით, რომ ანქვაბმა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კრემლის შეხედულებები არ გაითვალისწინა, ეს ეხებოდა საკუთრების, რკინიგზის, აფხაზეთში პორტების მშენებლობის თემას. ვფიქრობ, ხაჯიმბა გაცილებით მეტად დაემორჩილება კრემლს. რაც შეეხება აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისადმი მოსალოდნელ დამოკიდებულებას, რასაკვირველია, რუსეთის ინტერესებში შედის ის, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის ბუნებრივად არსებული კავშირები შეასუსტოს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები საერთოდ ჩამოაცილონ პოლიტიკურ ცხოვრებას. ხაჯიმბას დე ფაქტო პრეზიდენტობის შემდეგაც ვითარების ქართველების სასიკეთოდ შეცვლას არ უნდა ველოდოთ“, -განუცხადა “კვირას“ გიორგი ვოლსკიმ.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი მიიჩნევს, რომ 22 ათასი ქართველის „არჩევნებში“ ვერ მონაწილეობას ხაჯიმბამ ხელი განზრახ შეუშალა.10638084_286512511554939_1987766959_n
“არსებული ვითარება რაც ქართველებთან მიმართებაში გამოვლინდა, ეს იყო ხაჯიმბას შურისძიება მათდამი, იმიტომ, რომ წინა სამ არჩევნებში, პრაქტიკულად, გალის ქართული მოსახლეობა მისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგის მხარეზე იყო. აქედან გამომდინარე, ის კამპანია, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ გასულ წელს და განსაკუთრებული გაქანება მიეცა ამა წლის გაზაფხულზე ქართველების საწინააღმდეგოდ, ეს ხაჯიმბას მიერ იყო ინსპირირებული და საბოლოო ჯამში ეს შედეგი მოგვცა, რომ ქართველებში ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღეს. წარმოვიდგინოთ, რომ 22 ათასი ხმა მიეღო მის რომელიმე მოწინააღმდეგეს, ეს იმას ნიშნავდა, რომ ხაჯიმბა ამ არჩევნებს აუცილებლად წააგებდა, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ხაჯიმბამ თავი დაიზღვია და ქართველებს ხმის მიცემის ულფება არ მისცა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

არეშიძე მიიჩნევს, რომ ხაჯიმბა ოკუპირებული აფხაზეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციას ვერ განახორციელებს, თუმცა მისივე თქმით დე ფაქტო კანონი, რომლის ამოქმედებასაც აფხაზეთის ახალი “ხელისუფლება“ გეგმავს, იქიდან ქართველების წამოსვლას ტექნიკურად გამოიწვევს. “კანონი რომელიც სურთ, რომ ამოქმედდეს ხაჯიმბას და მის მხარდამჭერებს, შეიცავს შემდეგ პუნქტებს: პირველი ის, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე რუსეთისა და აფხაზეთის მოქალქეების გარდა ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას; მეორე პუნქტი კი გაცილებით სახიფათოა – ის გულისხმობს შემდეგს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეების გარდა, აფხაზეთში ქონების ქონის უფლება არ აქვთ. წარმოვიდგინოთ, რომ ქართველებს ჩამოართვან მამა-პაპისეული სახლი ან მიწის ნაკვეთი, რა უნდა გააკეთონ მათ იქ?! ეს თავისთავად გამოიწვევს იქიდან ქართველების გადინებას. ეს იქნება მექანიკური გადინება. რა უნდა ქნან ასეთ შემთხვევაში იქ მცხოვრებმა ქართველებმა, ან უნდა გაწყვიტონ საქართველოსთან ყოველგვარი კავშირი, ან აიყარონ იქიდან. საქართველოსთან კავშირის გაწყვეტა – აი ეს არის დე ფაქტო რეჟიმის მთავარი მიზანი“, – განუცხადა “კვირას“ არეშიძემ.
ექსპერტი გამოსავალს კომპლექსური გეგმის შეუშავებაში ხედავს. “მხოლოდ განცხადებების კეთება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, სისტემური პოლიტიკა აფზახეთის თუ სამხრეთ ოსეთის მიმართ, აი რა არის საჭირო, მე ამას ვერ ვხედავ, თუ საქართველოს არ ექნება კომპლექსური გეგმა, რომელიც მოიცავს დასავლეთის აქტიურ ჩართულობას, რუსეთთან მოლაპარაკებებს და პირდაპირ კონტაქტს სოხუმთან, ეფექტური შედეგი ვერ დადგება“, – აღნიშნა არეშიძემ.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობას გუშინ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი არ ცნობს და არ აღიარებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. “აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის” ოთხი კანდიდატი – ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაპშბა, მირაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა იბრძოდნენ.

                                                                                                                                                                                                                                      მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები