ზელენსკი “დემოკრატიისთვის” გამართულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “დემოკრატიისთვის” გამართულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ მან ხალხისადმი მიმართვაში თქვა.
„ვემზადებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებისთვის, რომელიც ამ კვირაში პრეზიდენტ ბაიდენისა და შეერთებული შტატების ინიციატივით გაიმართება. სამიტი “დემოკრატიისთვის”. უკრაინა მასში მონაწილეობას მიიღებს. თავისუფლების მხარდასაჭერად ჩვენი პოზიცია, როგორც ყოველთვის, ძლიერი იქნება”, – თქვა მან.
“დემოკრატიისთვის” სამიტი 29-30 მარტს შეერთებული შტატების ორგანიზებით ჩატარდება. მასში განიხილება ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას დემოკრატია მსოფლიოში, ასევე, ავტოკრატიულ რეჟიმებთან დაპირისპირების გზები.
სამიტს შეუერთდებიან ახალი მონაწილეები – კოსტა რიკა, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა და ზამბია.
ღონისძიება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის ოცამდე ოფიციალური პირის მონაწილეობით გაიმართება.
“დემოკრატიისთვის” პირველი ვირტუალური სამიტი 2021 წლის 9-10 დეკემბერს „ქვეყნის შიგნით დემოკრატიის განახლებისა და საზღვარგარეთ ავტოკრატიის დასაპირისპირებლად“ჩატარდა.
დაგეგმილი იყო სამი თემის განხილვა: ავტორიტარიზმისგან დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.
პირველ სამიტზე არ მიუწვევიათ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები – რუსეთი და ჩინეთი; ევროკავშირის ქვეყნებიდან – უნგრეთი, ხოლო ნატოს მოკავშირეებიდან – თურქეთი;
ამასთან, სამიტზე მიწვეული იყვნენ – საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა.