ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს
2022 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მიერ მომზადებულ „თავდაცვის კოდექსის” ძირითად მიმართულებებსა და იმ სიახლეებზე, რომელსაც აღნიშნული ნორმატიული აქტი ითვალისწინებს.
„ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვისაუბრეთ ისეთ ნაბიჯებზე როგორიც არის შეიარაღებისა და აღჭურვის მოდერნიზაცია, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნატო-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ალიანსის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობა. საუბარი ასევე შეეხო ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ გარანტიებს და მათი პირობების გაუმჯობესებას. თავდაცვის სამინისტრო და პარლამენტი – თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ. მიმდინარე წელს, თავდაცვის უწყების სხვადასხვა საკითხებზე, ნდობის ჯგუფის ფორმატში, თემატური მოსმენები გაიმართება”, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებები და ამ მიზნით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაც აღნიშნეს. ნდობის ჯგუფის შეხვედრას ჯგუფის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.